ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველა პოლიტპატიმარს, ქართველ ხალხს, - "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია.
ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომლებიც სათავეში ედო ენმ-ს დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია.
დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირ გამოვლინებაა. ჩვენ არ ვაპირებთ ცხადია ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.